კახა კალაძე - ხაზარაძის ადგილზე შემრცხვებოდა, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია
„პროგრეს ბანკში“ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა იმით იყო განპირობებული, რომ ბანკი იმ თაღლითებისგან და მოძალადეებისგან გადაერჩინა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კალაძე გამოეხმაურა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც „პროგრეს ბანკს“ შეეხებოდა. ხაზარაძემ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული ბანკის შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ხაზარაძის თქმით, როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, უცხოურმა აუდიტორმა აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმეს ყიდვაზე რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები.
„მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის, თავისი სავარაუდო დანაშაული – ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება – დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ. ეს არის რეალობა.
რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, გადაერჩინა ბანკი იმ თაღლითებისგან და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად-ორი ბანკი იყო, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომელთანაც დაიწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით. დაიწყეს გაკოტრება იმ ადამიანების დაშინებით, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22-პროცენტიანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადასარჩენად და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია საერთოდ.
ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები. ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ მაგალითად EBRD-ს და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან? სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?“ – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძე კითხვას სვამს, თუ ბანკი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, ხაზარაძემ ის როგორ შეიძინა.
„არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? ორი წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ასეთი ბანკი უყიდია. სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები. მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ, როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას.