კახა კალაძე - პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების აბსოლუტური უფლება აქვს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს საფუძველი, როცა არანაირი შენიშვნა და დასაბუთება არ არსებობს, ბევრი კითხვა ჩნდება
კახა კალაძე - პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების აბსოლუტური უფლება აქვს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს საფუძველი, როცა არანაირი შენიშვნა და დასაბუთება არ არსებობს, ბევრი კითხვა ჩნდება

დაპირისპირება არ არის, შეიძლება, გარკვეული უთანხმოება იყოს კონკრეტულ საკითხებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე ხელის მოწერას.

კალაძის თქმით, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების აბსოლუტური უფლება აქვს, თუმცა ამას კონკრეტული დასაბუთება სჭირდება.

„დაპირისპირება არ არის, შეიძლება, გარკვეული უთანხმოება იყოს კონკრეტულ საკითხებზე. პრეზიდენტს აბსოლუტური უფლება აქვს, გამოიყენოს მინიჭებული უფლება, ვეტო დაადოს ამა თუ იმ კანონს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს ახსნა, უნდა ჰქონდეს გარკვეული საფუძველი იმისა, რატომ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც არანაირი საფუძველი, შენიშვნა და დასაბუთება არ არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რატომ იღებს პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა კანონის ამოქმედებას.