კახა კალაძე – პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, მე ასე წარმომიდგენია

12:33, 17.07.2025

პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერ ადგილას, ასე „ოცნებას“ არ ჩავბარდები. უნდა ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტური ვართ, ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა ჯერჯერობით არის ბრიუსელში“.

„არ ვიცი, ვინ სად არის ეფექტური. მე ასე წარმომიდგენია, რომ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ზოგადად, ამ ადამიანების შინაარსი, ხედვა აბსოლუტურად სხვა არის. ისინი არიან აგენტურის წარმომადგენლები, ემსახურებიან სხვა ქვეყანას, სხვა ქვეყნის მთავრობებს. შესაბამისად, მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე.

კახა კალაძის თქმით, წინასწარ რაიმე შეფასების გაკეთება რთულია.

„დაველოდოთ გამოძიებას, წინასწარ რაიმე შეფასების გაკეთება რთულია. უნდა დაველოდოთ, რა კონკრეტიკა და მტკიცებულებები გამოიკვეთება. ეს მნიშვნელოვანია. სტრასბურგის სასამართლოც მოითხოვს, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი