კახა კალაძე – პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“

14:14, 14.11.2025

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქციაზე მისვლის ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება.

„ახალი არაფერი ხდება. ჩვენ ვიცით „დიფ სთეითს“ საქართველოში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავს. ისინი უშუალოდ ხელმძღვანელობენ ძალადობრივ ჯგუფებს და სრულ კოორდინაციაში არიან მათთან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ელჩი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“. მეტს ვერაფერს ვუწოდებ.

რაც შეეხება ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევის და შემდეგ დაბრუნების ფაქტს, გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს, სად გაიწვიეს და დააბრუნეს. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ დიპლომატი, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდეს, ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. ეს ძალიან მძიმეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით და პირდაპირ მითითებების მიცემით?“ – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ასევე „პარიმ ტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია გარე ძალებთან სრულ კოორდინაციაშია.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სრულ კოორდინაციაში არიან გარე ძალებთან, რა დავალებებსაც მიიღებენ, იმას ასრულებენ. სხვანაირი ქმედების უფლებაც არ აქვთ. ეს ტექსტშიც ეწერა, რომ არანაირი ცვლილება არ უნდა განხორციელდესო“, – განაცხადა კალაძემ.

„პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

მსგავსი