კახა კალაძე - პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება
პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, „პარლამენტში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“.
კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო, რომ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს შესაბამისად უნდა გაეცეთ პასუხი.
„ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი. ქვეყანაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გარკვეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. არ ვიცი, ეს ვისი დავალებით კეთდებოდა, ვის ინტერესებს ემსახურებოდა, თუმცა ფაქტები სახეზეა – დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, მივიღეთ ლტოლვილები. ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.