კახა კალაძე - პარტიებს შორის დაპირისპირება დამაზიანებელია ქვეყნისთვის, დამთრგუნველია საზოგადოებისთვის, ხალხს მომავალზე საუბარი სჭირდება
„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერითაც დაამტკიცა, რომ ვართ პარტია, რომელიც ძალიან აფასებს იმ ღირებულებებს, რომელსაც დიდი ევროპული ოჯახი ეფუძნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა პარტიების ხელმოწერაც. გავიხსენოთ, როგორი ბულინგი და შეურაცხყოფა მიდიოდა, როდესაც ალეკო ელისაშვილის პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ან როდესაც იაგო ხვიჩია შედიოდა, რა დღეში ჩააგდეს. შეიქმნა აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაცია“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, საბოლოო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც მოუწევს დოკუმენტზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ის, როგორც პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტიკაში მყოფი ადამიანი, ისურვებდა, პარტიებს შორის არსებული პოლარიზაცია, დამოკიდებულება და დაპირისპირება შეიცვალოს.
„ეს ძალიან დამაზიანებელია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის და დამთრგუნველია ჩვენი საზოგადოებისთვის. ხალხს მომავალზე საუბარი სჭირდება, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის მომავალი, რა პროექტები განხორციელდება, როგორ ვუპასუხებთ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს, რას გავაკეთებთ და ა.შ. მათთვის ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე კონკრეტული დაპირისპირების დეტალები“, – განაცხადა კალაძემ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა იმას, რომ თავის მთავარ ოპონენტთან დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში „ქართული ოცნებაც“ თავით გადაეშვა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ მოპასუხის რეჟიმში იყო და ცრუ ბრალდებებზე პასუხის გაცემა უწევდა.
„ხომ გვახსოვს, ექვსი თვის განმავლობაში რამდენი სიბინძურე მოდიოდა. თუნდაც, იმასთან დაკავშირებით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს იმისთვის მოიგონეს, რომ ქვეყანაში და ასევე, უცხოელი მეგობრებისთვის რაღაც სურათი შეექმნათ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ერთი პატარა დამადასტურებელი დოკუმენტიც კი ვერ დადეს“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცოდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„ეს უბრალოდ, იყო საბაბი, რომელიც იმისთვის შექმნეს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა მოეწყოთ“, – განაცხადა კალაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა „ქართულ ოცნებას“ მდგრადობა მოგონილი ამბების მიმართ მომავალში, კალაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ყველაფერს ყურადღება არ უნდა მიაქციოს და საკუთარი დღის წესრიგით უნდა იმოქმედოს.
„ძალიან მარტივია – არსებობს დღის წესრიგი, რომელსაც უნდა მიჰყვე და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას უნდა ესაუბრო; უნდა ესაუბრო მომავალზე, განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, პრობლემების მოგვარებაზე და კონკრეტული საკითხების გადაჭრაზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.