კახა კალაძე - პარლამენტმა მუშაობა დახვეწილი კონსტიტუციითა და რეგლამენტით განაახლა, რაც მისასალმებელია
კახა კალაძე - პარლამენტმა მუშაობა დახვეწილი კონსტიტუციითა და რეგლამენტით განაახლა, რაც მისასალმებელია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დახვეწილი კონსტიტუციითა და რეგლამენტით განაახლა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს როლი უფრო გაძლიერებულია.

კახა კალაძე დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნას დაესწრო და საკანონმდებლო ორგანოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში შეაფასა.

„2018 წელს საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე ასეული კანონპროექტი მიიღო, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. დღეს საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დახვეწილი კონსტიტუციითა და რეგლამენტით განაახლა, სადაც პარლამენტის როლი უფრო გაძლიერებულია, რაც მისასალმებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აქვს მკაფიო ხედვა, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ის ოთხი წლის თავზე, აუცილებლად იქნება უკეთესი, ვიდრე 2016 წელს იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში იმართება. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიტყვით წარდგა, რაც ახალი რეგლამენტით პირველად მოხდა და როგორც პარლამენტში აცხადებენ, მკვიდრდება ახალი ტრადიცია საპარლამენტო ცხოვრებაში, ახალი კონსტიტუციითა და რეგლამენტით ახალ ეტაპზე გადადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა.