კახა კალაძე – ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, დაღუპულია უამრავი ადამიანი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
„წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მხრიდან. კონკრეტულად, გვარამიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა მოიგებს ომს, ტრილიონებს დაახარჯავენ მას, საქართველოს კი არაფერი შეხვდება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი“ და მისი აგენტურა დღემდე მისტირიან, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი. ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გამოდიან და საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ტერიტორიები, ასიათასობით ადამიანია დაღუპული, ინფრასტრუქტურა განადგურებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურმე საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ საქართველომ არ დაიწყო ომი, არ გააჩაღა მეორე ფრონტი ქვეყანაში. ამას გვიმტკიცებენ ეს აგენტურის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ცდილობენ ამ ტიპის განცხადებებით: პირველი, რომ გაამართლონ ის დანაშაული, რაც 2008 წლის ომად, განადგურებულ ინფრასტრუქტურად, დაკარგულ ტერიტორიებად, უამრავ გარდაცვლილ ადამიანად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. რაც მოხდა, ის იყო ძალიან მძიმე დანაშაული და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ, ზოგადად, „დიფ სთეითს“ საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფოებრიობის ბედი. იქნება სახელმწიფო თუ არ იქნება, მათთვის მთავარია ის დავალებები, რაც გარედან წამოვა. საერთოდ არ აინტერესებთ, ხალხი დაიღუპება, ქალაქები განადგურდება თუ რა მოხდება. მათთვის მთავარია, მათ ინტერესს შეეწიროს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, ატარებს ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ეს განცხადებები ყველაფერზე ძალიან კარგად მიუთითებს.
თუ გსურთ, პარალელები რომ გავავლოთ, გავიხსენოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ აგენტურის წარმომადგენლები, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თითქოს ქვეყანამ ამით მილიარდები დაკარგა. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას: სად არის ეს მილიარდები, რომელიც ქვეყანას უნდა მიეღო საჩუქრად? საჩუქრად არავინ არაფერს იძლევა. 2008 წლის ომის შემდეგ მოცემულ თანხებს დღესაც მთავრობა კრედიტის სახით აბრუნებს და იხდის ამ ვალებს. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.