კახა კალაძე - ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი არის პოლიტიკური ბლეფი
კახა კალაძე - ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი არის პოლიტიკური ბლეფი

ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი არის პოლიტიკური ბლეფი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ჯერ ერთი, შევხედოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ, როგორც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. აი, ხაზარაძე გადავწიოთ გვერდით და დანარჩენი ვნახოთ. ყველა არის მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“, მერე ისევ გაერთიანებული და მერე ისევ დაშლილი. ავიღოთ ჯაფარიძე. ვინ იყო ის? – თუ არ ვცდები, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმასრულებელი მდივანი იყო, მაგრამ ნუ, მნიშვნელობა არ აქვს, ამ პარტიის წევრი იყო; ელენე ხოშტარია ვინ იყო? – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი; ირაკლი აბესაძე ვინ იყო? – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გიგი უგულავას მოადგილე. აი, ეს არის რეალობა და ამით უნდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიას და ოპოზიციას თბილისზე ერთი სიტყვა არ დასცდენიათ და არანაირი ხედვა არ წარმოუდგენიათ, მეორე ტურის წინ კი რიტორიკა შეცვალეს.

„მოდით, თეორიულად დავუშვათ, პირველ ტურში მელიას რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა, მისი მთავარი მამოძრავებელი რა იყო, რეფერენდუმი? თბილისში რეფერენდუმი უნდა ეკეთებინა? ახლა რამდენიმე დაპირება გამოაგდო და ისიც არასერიოზული. ვისმენთ ამ დაპირებებს და აშკარად ჩანს, რომ ყველანაირად მოუმზადებელია. მას არანაირი ხედვა არ აქვს. ვთქვათ, კარგი, აკეთებს, თანხები საიდან უნდა მოიტანოს, საერთოდ იცის? მათ არანაირი ხედვა არ აქვთ და საერთოდ არ იციან, რა სჭირდება მუნიციპალიტეტს, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. მე ერთადერთი პოლიტიკოსი ვიყავი, ვინც კონკრეტულად საუბრობდა ქალაქთან დაკავშირებით, როგორ წარმოგვიდგენია ამ ქალაქის განვითარება, რა უნდა გაკეთდეს რაიონების, უბნებისა და კონკრეტული ქუჩების მიხედვით“, – განაცხადა კალაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად მყარია დღეს „ოცნების“ რიგები, რადგან ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველ გუნდში რყევებია და ჩრდილოვანი კაბინეტი იმედს საკრებულოს უმრავლესობის ზოგიერთ წევრზე ამყარებს, კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობით საუკეთესო გუნდი ჰყავს წარმოდგენილი და ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ „ოცნების“ წევრებთან კომუნიკაცია აქვთ და გუნდში რყევებია.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. გულწრფელად გეუბნებით. პირადად შემიძლია, ვიყო პასუხისმგებელი ამაზე, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ნიკა მელიას მერის თანამდებობა იმისთვის უნდა, რომ პოლიტიკურად შეეცადოს დაძაბულობის და არეულობის შემოტანას, მაგრამ თბილისის მოსახლეობა ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რადგან ქალაქს მშვიდობა და განვითარება სჭირდება.

„ხალხი დაიღალა პოლიტიკისგან. ხალხს ამ ქალაქის განვითარება, ამ ქვეყნის წინსვლა და მშვიდობა სჭირდება. მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებთან და ვიცი, რომ მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სოციალური, ჯანდაცვის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საბავშვო ბაღები, რეკრეაციული სივრცეები და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.