კახა კალაძე – ნაურუმ სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით 

13:58, 31.07.2026

თბილისის მერის, კახა კალაძეს განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების  ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. 

„ვფიქრობ, სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის  და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ აუცილებელია გაგრძელდეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ეს ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი მთავარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ  ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავიბრუნოთ ტერიტორიები და მოვახერხოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება. საქართველოს მთავრობა ამისთვის ყველაფერს  აკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

მსგავსი