კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობისგან“ ომთან დაკავშირებული მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობისგან“ ომთან დაკავშირებული მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვინმეს მიმართ ომთან დაკავშირებით მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შესახებ კითხვის პასუხად.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ფრაზები, რომლის გამოც მას აკრიტიკებენ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის გაშუქებული.

„შეიძლება, ქალბატონი სალომე ქართულად ისე ვერ საუბრობდეს, როგორც თითოეული ჩვენგანი და ეს ნორმალურია, რადგან სალომე ზურაბიშვილი დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა საფრანგეთში. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვინმეს მიმართ ომთან დაკავშირებით მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია, რადგან რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2008 წელს, ეს იყო სრული კატასტროფა. ეს ყველამ კარგად ვიცით და რა შედეგიც გვაქვს: დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, დაღუპული გმირები და აღარ გავაგრძელებ, რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შევიკავებ კიდევ რაღაცებზე თავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პეტიციას, კახა კალაძე ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს.

„პეტიციას ვინც აანონსებს, არის ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობა“, ცხადი და გასაგებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.