კახა კალაძე - მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხილი პარტიის ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა
კახა კალაძე - მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხილი პარტიის ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა

მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხილი პარტიის ამოცანა დღესაც არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულება, –  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება.

„ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა სცენარისგან, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ დასაბუთებული პასუხი, რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე აშშ-ში; რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი, რატომ შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მივიღეთ მხოლოდ ერთი პასუხი და მოყვანილი იქნა ერთი არგუმენტი, პასუხი იყო – იმიტომ.

ის, რაც ნებადართულია, მაგალითად, საფრანგეთისთვის, სადაც ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი, აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის, თუმცა ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოვისმინეთ. მინდა, შევახსენო ყველას, რომ საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამას ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხილი პარტია, პოლიტიკოსები, რომელთა გაუაზრებელი, დამღუპველი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ადამიანების უფლებების არნახული ხელყოფა, დარეკეტებული ბიზნესი და დახურული მედიასაშუალებები. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფერს მაშინ დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. ეს არის სამწუხარო რეალობა. მათი ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა.

ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება. არ გვაქვს უფლება, არგუმენტს – იმიტომ, გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი.

საქართველოს ინტერესების, მისი ევროპული მომავლის დაცვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა არის ჩვენი ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.