კახა კალაძე – მსჯავრდებული გიორგი დავითაძე ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს მსგავსი ტიპის განცხადებებით

13:11, 04.10.2026

ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის დრო, როდესაც მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ღირსებას ულახავდნენ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაასრულა.

„არასერიოზულია ეს ყველაფერი. ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა მოქალაქეების მიმართ, დავასრულეთ ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს. მას შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი ღირსება. არ აქვს მნიშვნელობა ის პატიმარია, ექიმია, ბიზნესმენია, მასწავლებელია თუ სხვა. მნიშვნელოვანია, არავინ შეეხოს ადამიანის ღირსებას, მით უმეტეს ციხეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებულის მიმართ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

„ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ერთი რამ არის საინტერესო – ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, როგორც არის საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურებაა ის, რომ კონკრეტული ადამიანი, პატიმარი, ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც – არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის სიმართლე. ის, რაც არ არსებობს ბუნებაში, რაც არ უნდა იწვალოთ, ვერ იქნება. ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარი ოჯახის წევრებზე, თუნდაც ბიზნესის რეკეტი, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში. არაერთი ვიდეომასალა გვაქვს ნანახი, თუ როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს, როგორ გამოჰყავდათ, აკრავდნენ მანქანაზე და რა ხდებოდა მერე, ყველას კარგად გვახსოვს. დამთავრდა, მორჩა, ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. დღეს ქვეყანაში არის თავისუფლება, დემოკრატია, დაცულია ადამიანის უფლებები. რაც მთავარია, დაცულია ადამიანის ღირსება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი