კახა კალაძე – მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკები

10:47, 07.10.2026

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამით 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, სრულიად უფასოდ ისარგებლონ.

„„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია ონკოლოგიური დაავადების პრევენციის მიზნით ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. თბილისის მერია „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებში სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. პროგრამა ითვალისწინებს მამოლოგთან კონსულტაციას/გასინჯვას და მამოგრაფიულ კვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას და აღნიშნა, რომ დაავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიღება რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა, ისარგებლეთ ამ კვლევებით, რათა დაიცვათ თქვენი, თითოეული ქალის ჯანმრთელობა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, ამცირებს რისკებს და გაწვდით ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა. შესაბამისად, დროული დიაგნოსტიკა და სიმპტომების გამოვლენამდე სკრინინგული კვლევის რეგულარულად ჩატარება, დაავადების განვითარებისა და ლეტალობის რისკის შემცირების წინაპირობაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის პროგრამას, „ეროვნული სკრინინგცენტრის“ დიდუბის, გლდანის, საბურთალოსა და ვარკეთილის ფილიალების გარდა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.

წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა. დაფინანსდა 34 675 შემთხვევა. აქედან 97 პროცენტი „ეროვნულ სკრინინგცენტრზე“ მოდის.

მსგავსი