კახა კალაძე - მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან, დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით, არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე
კახა კალაძე - მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან, დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით, არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ნათია თურნავაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციაზე, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნია პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა.

კალაძის თქმით, პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს ქვეყნის კონსტიტუციას, ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს.

„ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, და განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. ამას რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რეალურად როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, როგორ მოქმედებს თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებაში. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებლმა გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: „ვნანობ ნათია თურნავას წარდგენას, ბოდიშს ვიხდი ამისთვის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ვერ დაიცვა, უნდა გადადგეს“.