კახა კალაძე - იტალიაში ვცხოვრობდი წლების განმავლობაში და მინდა, ყველა ჩემს მეგობარს მივულოცო შობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მორწმუნეებს შობის დღესასწაულს ულოცავს.

“მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. იტალიაში ვცხოვრობდი წლების განმავლობაში და მინდა, ყველა ჩემს მეგობარს, ზოგადად კი კათოლიკეებს მივულოცო შობა. პირველ რიგში, მინდა ყველას ვუსურვო სიმშვიდე, მშვიდობა, დღეგრძელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს. ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის. კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს. დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულის და სიკეთის გარშემო აერთიანებს.