კახა კალაძე - მომავალ წელს თბილისში ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე 430 მილიონი ლარი დაიხარჯება
კახა კალაძე - მომავალ წელს თბილისში ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე 430 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 927 მილიონ ლარს შეადგენს.

„მინდა, საკრებულოს მადლობა გადავუხადო ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის, მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში. მისი ოდენობა აღემატება 2018 წლისას, რაც მეტყველებს, რომ 2019 წელი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება. შევძლებთ მეტი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას წლევანდელი ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 66 მილიონი ლარით, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ 2019 წლის დასაწყისში ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი მიმართულია ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე – დაახლოებით 327 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 20 მილიონით მეტია. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი, ბიუჯეტის 38 პროცენტზე მეტი, 357 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ამას დაემატება 2019 წლის დასაწყისში თანხები და საერთო ჯამში, 430 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის მიმართულებით. ეს არის რეკორდული თანხა, რაც ბოლო წლების განმავლობაში და ზოგადად, თბილისში ამ მიმართულებით დახარჯულა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი ინფორმაციით, 2019 წელს 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, დამატებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი ავარიული ბაღების რეკონსტრუქციისა და გამაგრების სამუშაოებისთვის.

„მნიშვნელოვანი ხარჯებია გათვალისწინებული გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაციის დასრულებისთვის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციისთვის, ასევე გათვალისწინებული გვაქვს თანხები კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის მიზნით. ეს გზა ცენტრალური მაგისტრალია და როცა ქალაქში შემოდიხარ, გზა უნდა იყოს მოწესრიგებული, გამართული. არსებული მდგომარეობა მძიმეა და გვინდა, სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ ცენტრალურ მაგისტრალს, მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზებზე, მარცხენაზე უკვე დასრულებულია სამუშაოები. მარჯვენაზე რამდენიმე კვირაში დასრულდება და მომავალ წელ ვიწყებთ სრულ რეაბილიტაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, სრული რეაბილიტაცია მოიცავს მიწისქვეშა კომუნიკაციების, განათების ბოძების მოწყობას და სხვა სამუშაოებს.