კახა კალაძე - მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
თბილისის მერმა, კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
დედაქალაქის მერი, მოადგილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„იმ სისხლიანი ღამიდან, იმ ტრაგედიიდან, რომელიც ჩვენს დედაქალაქში დატრიალდა, 30 წელი გავიდა. 9 აპრილს, შეიძლება ითქვას, ორგვარი დატვირთვა აქვს – უპირველესად, ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამეს. თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენი ქვეყნის გათავისუფლების დასაწყისი. ეს იყო დღე, როდესაც დაიწყო იმპერიის ჩამოშლა. მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე. მათ უნდა იცოდნენ, რა გააკეთეს 9 აპრილს გარდაცვლილმა ადამიანებმა, როგორ შესწირეს თავი სამშობლოს სიყვარულს და თავისუფლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.