კახა კალაძე - მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და არც ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი
კახა კალაძე - მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და არც ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გორში მიმდინარე რეგიონულ კონფერენციაზე პარტიის საქმიანობა შეაჯამა და „ქართული ოცნების“ წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. გვახსოვს 2011 წელი, როცა შეიქმნა პარტია „ქართული ოცნება“. გვახსოვს 2012 წლის არჩევნები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, განსხვავებული პოლიტიკური პარტიების მიმართ, თუმცა თქვენ იდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს. იმიტომ, რომ ეს გზა იყო სწორი და თითოეული თქვენგანი დარწმუნებული იყო ამაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძის თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს არასაკმარისია. „თქვენ მოისმინეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტულად თქვენს რეგიონში, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და არც ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი გაკეთებულით. გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია ქვეყანაში და აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. კარგად გვაქვს გაცნობიერებული სოციალური მდგომარეობა და ვფიქრობთ, მომდევნო წლებში დაგეგმილი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ ამ პროექტების განხორციელებაში მარტო ხელისუფლება, მარტო მთავრობა ვერაფერს გააკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა, რომ ერთად შევძლოთ პრობლემების მოგვარება და იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

კახა კალაძემ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით ჩაივლის.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში შექმნილ ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე.

„2012 წლიდან ჩვენ მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები იყო სამაგალითო. ყოველთვის ვიდექით მოწოდების სიმაღლეზე და ევროპაში ყოველთვის აღნიშნავდნენ, თუ როგორი ცვლილება განიცადა საარჩევნო გარემომ. ყველას ეძლევა შესაძლებლობა, წარმოადგინოს საარჩევნო ხედვა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის. ეს რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.