კახა კალაძე - მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა ჟურნალისტს, ვინც აქციებს აშუქებს და ბულინგის ქვეშაა
წარმოუდგენელია, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მიმართებით ვნახეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
კალაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს, ასევე ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც აქციებს აშუქებს და არის ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ.
„პირველ რიგში, მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ყველა ჟურნალისტს, რადგან კარგად ვხედავთ და ვაკვირდებით, რამხელა ბულინგის ქვეშ ხართ, რამხელა შეურაცხყოფას უძლებთ, თუნდაც აქციების გაშუქების დროს. უბრალოდ წარმოუდგენელია ეს ზეწოლა და დაშინება. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ იშლიან. გვახსოვს, წლების წინ, როდესაც „იმედის“ ტელევიზიაში შევარდნენ, დღესაც იმავეს აკეთებენ, უბრალოდ ცოტა ნაკლები რესურსი აქვთ ამ ყველაფრისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თითოეულ თანამშრომელს მტკიცედ დგომისთვის. უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ ტიპის ქმედებები, რაც ვნახეთ თუნდაც ამ ტელევიზიის წინ“, – განაცხადა კახა კალაძემ.