კახა კალაძე – მიუხედავად გარკვეული პოლიტიკოსების არასერიოზული განცხადებებისა, ფეხბურთი მაინც განვითარდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს ევროპის ერთა ლიგის D ჯგუფში პირველ ადგილს ულოცავს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ნანატრი ოცნებაა, რომელსაც გულშემატკივარი ყოველთვის ელოდა.
მისივე თქმით, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი ნაბიჯია დარჩენილი და ეს არის ფეხბურთის ფედერაციის სწორი საქმიანობის შედეგი.
„ბიჭებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მათ და ქართველ გულშემატკივარს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ასეთი მაღალი შედეგით ისტორია დაწერა ქვეჯგუფში, ასეთი მაღალი ქულები არასდროს გვქონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ ავისრულოთ ოცნება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების სწორი მენეჯმენტი, ეს შედეგი შემთხვევით არ მოსულა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მთავარი მწვრთნელის როლი და თითოეული ფეხბურთელის მონდომება და სწორი თამაში დაწყებული მეკარიდან, დამთავრებული სათადარიგომდე“,-განაცხადა კახა კალაძე,
დედაქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ ფეხბურთის დაფინანსებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო და მას არასერიოზული უწოდა.
„ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, უნიჭიერესები არიან და ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არაფერი გაეგებათ სპორტში და ფეხბურთში აკეთებენ არასერიოზულ განცხადებებს, ფეხბურთი მაინც განვითარდება, ფეხბურთი არის ჩვენი თამაში. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო 6 წლის განმავლობაში ზოგადად სპორტში ჩვენ რა წარმატებასაც მივაღწიეთ, საქართველოს არასდროს ჰქონია და ეს არის შედეგი ქვეყანაში არსებული სტაბილურობის, განვითარებისა და სიმშვიდის . თუმცა უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტად უნდა განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიურად წინ წავიდეს, რომ სპორტიც იყოს გამარჯვებით გაჯერებული. აქ არ არის საუბარი ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაზე, შეიძლება ითქვას, რომ დაფინანსება დასულია ბავშვთა ფეხბურთამდე, ფუნდამენტიდან უნდა დაიწყოს ფეხბურთის მშენებლობა, განვითარება და წინსვლა. მე ამას დადებითად ვაფასებ და მივესალმები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სწორი მენეჯმენტის შედეგი, თუმცა “გრიგოლა” რას ამბობს არ ვიცი და რა პოზიცია აქვს, ეს მას შეგიძლიათ ჰკითხოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ