კახა კალაძე - მედიაზე ზემოქმედება ხდებოდა 2012 წლამდე, ყველაფერი ერთი ხელიდან იმართებოდა და ჰყავდა ერთი შემოქმედი, სააკაშვილი და თავისი პოლიტიკური გუნდი, დღეს განსხვავებული მდგომარეობაა
კახა კალაძე - მედიაზე ზემოქმედება ხდებოდა 2012 წლამდე, ყველაფერი ერთი ხელიდან იმართებოდა და ჰყავდა ერთი შემოქმედი, სააკაშვილი და თავისი პოლიტიკური გუნდი, დღეს განსხვავებული მდგომარეობაა

შალვა პაპუაშვილს თუ ჰქონდა სურვილი, გაერკვია, რა ხდებოდა, რატომ არ დაიბეჭდა, ჰქონდა ამის შესაძლებლობა. უფლებაც აქვს, გაარკვიოს, რატომ არ დაიბეჭდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ აღნიშნული კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის თანახმად: „ინტერნეტგამოცემა OC მედიამ უარი განაცხადა შალვა პაპუაშვილის სტატიის გამოქვეყნებაზე, რის შემდეგაც პაპუაშვილის აპარატი დაუკავშირდა დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ ამ მედიასაშუალებას, რაც აღქმულია დამოუკიდებელ მედიაზე ზემოქმედებად. უნდა დაკავშირებოდა შალვა პაპუაშვილი?“.

კალაძის თქმით, ქვეყანაში მედიაზე ზემოქმედება 2012 წლამდე ხდებოდა, 2012 წლის შემდეგ კი, ამ კუთხით რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა.

„ჩემგან რას ელოდებით, რა უნდა გიპასუხოთ? ზოგადად, 2012 წლამდე ხდებოდა ქვეყანაში მედიაზე ზემოქმედება. მედიაზე ზემოქმედება იყო ტელეკომპანია „იმედში“ შევარდნა. გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, ტელევიზიების მიმართ. ყველაფერი ერთი ხელიდან იმართებოდა და ჰყავდა ერთი შემოქმედი – მიხეილ სააკაშვილი და თავისი პოლიტიკური გუნდი. ეს სამწუხარო რეალობა გვქონდა 2012 წლამდე ქვეყანაში და დღეს გვაქვს აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. მედიაპლურალიზმი მნიშვნელოვანია და დღეს რომ წარმოდგენილი ხართ სხვადასხვა ტელევიზია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ტელევიზიები, ეს მოიტანა 2012 წლის შემდგომმა პერიოდმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.