კახა კალაძე - ლიბერალური ფაშიზმი ანგრევს და ხლეჩს ჩვენს საზოგადოებას, აპირისპირებს ადამიანებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება
ლიბერალური ფაშიზმი ანგრევს და ხლეჩს ჩვენს საზოგადოებას, აპირისპირებს ადამიანებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხარს არ უჭერენ მიმდინარე აქციებს, ბულინგი მიმდინარეობს.
„გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ისწრაფოდე მისი განვითარებისთვის, სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებები. სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში, ქვეყნის უმაღლეს კანონში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია; ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას; ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი; ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვინც მოახერხა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია; ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვინც, შანტაჟის მიუხედავად, უამრავი შეურაცხყოფის მიუხედავად, ცილისწამების მიუხედავად, მიიღო კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, ვინც საბოლოოდ გახდება ევროკავშირის წევრი – ღირსებით და თავაწეულები.
ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რაც ჩვენი ხელისუფლების და, ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი წამყვანი ქვაკუთხედია. რაღაცის გაპროტესტება თუ გინდათ, გააპროტესტეთ. არავინ არ გიშლით ხელს, არავინ არ გიწევთ ამაში წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად. ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს, ნუ გავანადგურებთ ჩვენს დედაქალაქს და ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნის შვილებს და ნუ დავაბულინგებთ მათ. ვხედავთ, თუ როგორი შეურაცხყოფა, როგორი ბულინგი, როგორი ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანების მიმართ. ვინც ცოტა სხვანაირად ფიქრობს და არ ეთანხმება და არ ემხრობა იმ ძალადობრივ აქციებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარეობს, ვერ წარმოიდგენთ, როგორი შეურაცხყოფის და ბულინგის მსხვერპლები ხდებიან. ეს არის ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმი. ეს არის ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ეს არის ის, რაც ანგრევს ჩვენს საზოგადოებას, რაც ხლეჩს საზოგადოებას, აპირისპირებს ადამიანებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება“, – აღნიშნა კალაძემ.