კახა კალაძე - კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტულია, არავის ეპატიება დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ყველა დანაშაულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქრთამის აღების ფაქტზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის დაკავებაზე საუბრისას თქვა, რომ კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტულია და ყველა დანაშაულს შესაბამისი რეგირება მოჰყვება.
მისი თქმით, ბრძოლის ფარგლებში მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება.
„ჩვენი დამოკიდებულება იცით – კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. არავის ეპატიება დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ყველა დანაშაულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კონკრეტული მედიასაშუალების კითხვას, აქვს თუ არა საგამოძიებო უწყებებს უშუალოდ თბილისის მერსა და მის გარემოცვასთან კითხვები, კახა კალაძე პასუხობს, რომ წლების განმავლობაში, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, მის წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალება მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ კამპანიას ახორციელებდა.
„მთელი ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებთ ჩემ წინააღმდეგ შეურაცხყოფას, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეთ. ერთი ფაქტი ხომ შეგეძლოთ, წარმოგედგინათ, რომ ან მე, ან ჩემი რომელიმე თანამშრმელი არის დანაშაულში მხილებული. ამ ხნის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ გაძლევდნენ ინფორმაციას, სისულეელები რომ აგეგორებინათ. შემდეგ მორბოდით ჩემთან, მაჩვენებდით, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ ჩემ წინააღდმეგ გაგეკეთებინათ სიუჟეტები რაღაც მოგონილი თემებით. ამას აკეთებდით იმიტომ, რომ გუნდში არეულობა შემოგეტანათ. იმასაც ვიტყვი, რომ მეტი ჭკუა გვაქვს და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.