კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას
კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას

არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არა პოლიტიკოსების პარტიული ინტერესები, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტები და პრობლემების გადაჭრის გზები აინტერესებს.

„გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის საინტერესო არ არის, რას გეგმავს ოპონენტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ვაპირებ მე, როგორ ვხედავ ქალაქს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელი უბნები, რომელი ქუჩები, რომელი პარკები უნდა რეაბილიტირდეს. ეს აინტერესებს საზოგადოებას, ამაზე ვესაუბრებოდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და ახლაც ვაპირებ, გავაგრძელო ეს, იმიტომ რომ უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, რათა იცოდნენ, რა გვინდა, როგორია ჩვენი ხედვა, როგორი გვინდა, იყოს ჩვენი ქალაქი, რა უნდა გაკეთდეს ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.