კახა კალაძე - მოლაპარაკებიდან ინფორმაციის გამოტანა მიზანმიმართულად ხდება, აქედანაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან
კახა კალაძე - მოლაპარაკებიდან ინფორმაციის გამოტანა მიზანმიმართულად ხდება, აქედანაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან

დაველოდოთ, როგორ წარიმართება შეხვედრა. თუ მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა, გაირკვევა დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მოლაპარაკების მესამე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

შეკითხვაზე, რამდენად კონსტიტუციურია ოპოზიციის შემოთავაზებულ ოთხ მოთხოვნას შორის ერთ-ერთი, რომ სახალხო დამცველმა დააკომპლექტოს ის დროებითი სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ საჩივრებს არჩევნებთან დაკავშირებით, კალაძემ განაცხადა, რომ მთავრობას ამისი უფლებამოსილება არ აქვს.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, არჩევნების ხელახლა ჩატარების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„მას შემდეგ, რაც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მგონია, ყველა არის შეთანხმებული, რომ ვიდრე ბოლომდე არ იქნება მიღწეული შეთანხმება და არ იქნება ხელმოწერილი, მანამდე დეტალებზე საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არიან არასანდოები როგორც ზოგადად ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვის. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ჩანაწერებს, რომელზეც მიდის აპელირება, ჯერ ერთი, ხელისუფლებას, მთავრობას, არანაირი უფლებამოსილება არ აქვს იმისა, რომ ვიღაც გამოუშვას ან გაათავისუფლოს. ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვენ იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, დაველოდოთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება არჩევნების ხელახლა ჩატარებას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.