კახა კალაძე - ხალხი ხედავს, ვისთვის არის ეს ქვეყანა უბრალოდ ქვეყანა და ვისთვის არის სამშობლო, ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული და შემდეგ დაშლილი ოპოზიცია
კახა კალაძე - ხალხი ხედავს, ვისთვის არის ეს ქვეყანა უბრალოდ ქვეყანა და ვისთვის არის სამშობლო, ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული და შემდეგ დაშლილი ოპოზიცია

გაერთიანება მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ასეთი გაერთიანებები რამდენი გვინახავს, პირველად ხომ არ ვუყურებთ ამ ყველაფერს. სულ ბოლოს გაერთიანება ჩემ წინააღმდეგ გააკეთეს, ხომ გვახსოვს, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს ჩემ წინააღმდეგ და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მათ გასცა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დღეს ყველაზე მთავარი არის, რომ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი ხედავს რეალობას, ხედავს, ვის უყვარს ქვეყანა, სამშობლო.

„ხალხი ხედავს, ვისთვის არის ეს ქვეყანა უბრალოდ ქვეყანა და ვისთვის არის სამშობლო. ადამიანები ამას ყველაფერს ხედავენ. ხედავენ იმ რისკებს, რაც ომთან დაკავშირებით არსებობს ჩართულობასთან დაკავშირებით. უამრავი განცხადება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, უამრავი შემოტევა, კონკრეტული ადამიანების დაშანტაჟება იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოქმედება მოახდინონ. ივანიშვილი არის საუკეთესო მაგალითი, როგორ აშანტაჟებენ ამ ადამიანს თავისი თანხებით, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ქვეყნის ხელისუფლების იმ გეგმებში, რომელიც ჩვენ ცხადად გვაქვს და ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვა. პირადად ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირი ცვლილების მოტანა არ შეუძლია ამ ყველაფერს. ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი. ეს ადამიანები რეალურად არიან ერთი კონკრეტული მსოფლმხედველობის ადამიანები. შეიძლება, ვიღაცას რაღაცა განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ ყოველთვის ერთიანდებიან, ყოველთვის მარცხდებიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა კალაძემ.