კახა კალაძე - კელი დეგნანთან შეხვედრისას არჩევნების გადადებაზე საუბარი არ ყოფილა
კახა კალაძე - კელი დეგნანთან შეხვედრისას არჩევნების გადადებაზე საუბარი არ ყოფილა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო წინასაარჩევნო კამპანიას და ზოგადად, არსებულ საარჩევნო გარემოს.

მისივე განმარტებით, არჩევნების გადადებაზე არანაირი კითხვა არ დასმულა.

„არჩევნების გადადებაზე საუბარი არ ყოფილა და კითხვაც კი არ დასმულა. რაც შეეხება ჩემს საარჩევნო კამპანიას, მე ავუხსენი, თუ რას ვგეგმავ, რა ხედვა მაქვს ქალაქთან მიმართებაში და როგორი კამპანია მაქვს დაგეგმილი. ჩემი საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, იქნება თბილისის მომავალ გეგმებთან და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით. ასევე, ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს დედაქალაქში და მათი გადაჭრის გზებზე, თუ რას გავაკეთებთ მომდევნო წლებში იმისთვის, რომ ქალაქში ცხოვრება უფრო კომფორტული გავხადოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო სიძულვილის ენის გამოყენებას პრობლემასაც.

„ვისაუბრეთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გაკეთებულ სიუჟეტებზე, ბოლო დროს მედიაში დამკვიდრებულ სიძულვილის ენაზე და შეფასება იყო ის, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის. როგორც ფიზიკური ძალადობა, ისე სიძულვილის ენა, ფსიქოლოგიური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და  დამაზიანებელია საზოგადოებისთვის. ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და უნდა დავგმოთ ყველანაირი ძალადობა – ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. ეს კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე მიმოიხილეს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის გამაგრების საპრევენციო პროექტიც.

„გუშინ, გავხსენით მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე. ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დამეწყრილ ფერდზე მუშაობა. დღეის მდგომარეობით, ეს გზა უსაფრთხოა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ექსპერტები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ თითქოს, სამუშაოები არასწორად არის წარმოებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დატოვე კომენტარი