კახა კალაძე - კატარში ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სწორი მესიჯები გაჟღერდა, მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა, კითხვების დასმა
კახა კალაძე - კატარში ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სწორი მესიჯები გაჟღერდა, მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა, კითხვების დასმა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კატარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის მხრიდან სწორი მესიჯები გაჟღერდა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანას თავისი მომავლისთვის დამაზიანებელი შეცდომების გამეორების უფლება არ აქვს და კონკრეტული გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ მხოლოდ პრობლემების კარგად გაანალიზების შედეგად უნდა მიიღოს.

„აღნიშნულ სამიტზე, კატარში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა, სადაც სწორი მესიჯები იქნა გაჟღერებული. არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. დღეს გავდივართ ძალიან რთულ პერიოდს, როდესაც არის უდიდესი გამოწვევები, უდიდესი სირთულეები. შესაბამისად, ცხადია, ჩნდება კითხვები. როდესაც 2008 წელს დავკარგეთ ტერიტორიები, საქართველოში იყო ომი, სად იყო მხარდაჭერა, სად იყო თანადგომა, რატომ არ კეთდებოდა ეს განცხადებები, რატომ არ იყო სანქციები? ხომ გამოვიარეთ ეს სირთულეები, რა მივიღეთ ამით? დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ლტოლვილი, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ბიჭები, მათ სულებს ვენაცვალე. რა მივიღეთ? ეს ყველაზე დიდი უბედურება ხომ გამოვცადეთ საკუთარ თავზე. ამიტომ ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებიც დააზიანებს ამ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ემოციებით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. უნდა გავაანალიზოთ კონკრეტული საკითხები და ისე გადავდგათ ნაბიჯები“, – განაცხადა კახა კალაძემ.