კახა კალაძე - კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან საქართველო არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს, ეს ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს
კახა კალაძე - კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან საქართველო არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს, ეს ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს, ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით – ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება. თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული – რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს. ამის შემდეგ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.

„რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ – არც ეს არის პრობლემა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.