კახა კალაძე კანდელაკის ქუჩაზე სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის
კახა კალაძე კანდელაკის ქუჩაზე სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ ღამით, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას ღამის სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მადლობას ვუხდი მოსახლეობას თანადგომისთვის, რადგან მესმის, რამდენად რთულია, რომ ღამის საათებში მიმდინარეობს სამუშაოები. მოთმინებით ეკიდებიან ამ ყველაფერს, რადგან პირველ რიგში, მათთვის და ჩვენი ქალაქისთვის კეთდება. მინდა ბოდიში მოვუხადო  მათ, რადგან ღამე მუშაობისას ხმაურია და ეს დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. გვინდა, ძალიან მალე დავამთავროთ ყველაფერი. ორიენტირებული ვართ ხარისხზე, რადგან როდესაც ამხელა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან, ხარისხი უნდა იყოს უმაღლესი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ღამით მუშაობის მიზანია, რომ დღისით ნაკლებად შეიზღუდოს საგზაო მოძრაობა სატვირთო მანქანების გამო.

„პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოებს ახორციელებს. ვცდილობთ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ, რომ მალე დავასრულოთ და დღის განმავლობაში ნაკლებად შეიზღუდოს მოძრაობა. ღამის საათებში მიმდინარეობს მიწის გატანა, რადგან დღისით, ამ მონაკვეთზე დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა და კიდევ უფრო დავტვირთავდით მოძრაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კანდელაკის ქუჩის 1,2-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 თებერვალს დაიწყო. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლა, ასფალტის საფარის დაგება, ასევე, ლედგანათების, ტროტუარებისა და ბორდიურის მოწყობა.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება.