კახა კალაძე - ჯანდაცვის სისტემა ყველანაირად მობილიზებული და მომზადებულია გაზრდილი ნაკადების სამართავად
კახა კალაძე - ჯანდაცვის სისტემა ყველანაირად მობილიზებული და მომზადებულია გაზრდილი ნაკადების სამართავად

ჯანდაცვის სისტემა ყველანაირად მობილიზებული და მომზადებულია გაზრდილი ნაკადების სამართავად, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

„არის ყველანაირი მზადყოფნა. კლინიკების, ექიმები და ექთნები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. რაც შეეხება პიკს, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, თუმცა, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, მომდევნო ორი კვირა იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ განცხადებით კახა კალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როდის ელოდება ქვეყანა კრიზისულ პერიოდს და რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სექტორი გაზრდილი ნაკადების სამართავად.

კახა კალაძემ ჯანდაცვის მინისტრსა და მედპერსონალს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, ჩვენს ექიმებს, ექთნებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღედაღამ მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავდეს და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დავრჩეთ სახლში! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას! პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს! რადგან დღეს ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. შესაბამისად, რეკომენდაციების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი