კახა კალაძე ითხოვს, კომპანიებთან ხელშეკრულებები სამუშაოების შეჩერებისთანავე შეწყდეს
კახა კალაძე ითხოვს, კომპანიებთან ხელშეკრულებები სამუშაოების შეჩერებისთანავე შეწყდეს

თბილისში, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგზაო კომპანიამ უკვე უშუალოდ გზის სამუშაოები დაიწყო.

კახა კალაძემ მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს დაავალა, სამუშაოებს 24-საათიანი ზედამხედველობა გაუწიონ.

„როგორც კი იქნება სამუშაოები შეჩერებული, შეწყვიტეთ ხელშეკრულება. არ აქვს მნიშვნელობა, დღის თუ ღამის განმავლობაში, რადგან უფრო მარტივია მუშაობა ნაკლები მოძრაობის გამო, ღამით განხორციელდეს მძიმე სამუშაოები, რაც კონკრეტული ქუჩებისთვის აუცილებელია. როგორც კი შესუსტდება მუშაობა, არ იქნება საჭირო რაოდენობის სამუშაო ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეს სამუშაოები მიმდინარეობს. მესმის, რომ პირველი ეტაპი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება, ახლა მნიშვნელოვანია რვა კილომეტრიანი მონაკვეთი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან მოსახლეობას მიმართა, რომ თუ სამუშაოების შეჩერებას შენიშნავენ, მერიას შეატყობინონ.

„მოსახლეობას მინდა მივმართო, თუ დაინახავთ, რომ ვიღაც არ მუშაობს, ჩვენ გვეყოლება ზედამხედველები, მაგრამ თქვენც იაქტიურეთ, თუ შეხედავთ, რომ კომპანია არ მუშაობს, შეგიძლიათ მოგვმართოთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თქვენთან, ამიტომ ამას მოყვება რეაგირება და გადაწყვეტილებები. ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არსებობენ კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ ღირსეულად ნაკისრ ვალდებულებებს.

„შემდეგ ვინ არის დამნაშავე? – მერია, კალაძე, რომლებიც ვერ აკეთებენ თავის საქმეს და იმაზე არავინ საუბრობს, რომ კომპანია არის პასუხისმგებელი და ვალდებული. მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ ასეთი პრობლემები თავიდან იყოს აცილებული. მესმის, არის საკანონმდებლო პრობლემები შესყიდვებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გათვალისწინებით ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ქალაქში მიმდინარე პროექტებზე. რეაქცია და მიდგომები ჩვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი, რომ მივცეთ არავის სალაპარაკო“, – განაცხადა კახა კალაძემ.