კახა კალაძე ისანში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას გაეცნო
კახა კალაძე ისანში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას გაეცნო

ისანში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

კახი კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარე ქუჩებზე მძიმე მდგომარეობაა და მერია საგზაო ინფრასტრუქტურას ამ ქუჩებზეც მოაწესრიგებს.

„სრულდება ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და არაერთი წერილი და თხოვნა იყო შემოსული როგორც გამგეობაში, ასევე პირადად ჩემს სახელზე, რომ მოგვარებულიყო ეს პრობლემა. უახლოეს დღეებში მთლიანად დასრულდება სამუშაოები, გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები. ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა ყველა რაიონსა და უბანში“,- განაცხადა კალაძემ

პროექტის ფარგლებში, 2905 მ/კვ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, მოძველებულ და დაზიანებულ წყალარინების სისტემას კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

571 მ/კვ ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 2219 მ/კვ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები, რომელიც ჯამში, 114 მ/კვ-ს მოიცავს.

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ „არსაკიძე 2000“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 157 303 ლარი დაიხარჯა.

საგზაო სამუშაოების დასკვნით ეტაპს კახა კალაძესთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.