კახა კალაძე - ირაკლი ოქრუაშვილი არ არის საინტერესო ფიგურა, რომ დავდგე და კომენტარები გავაკეთო
ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას.
კალაძე აღნიშნავს, რომ არის სამართლებრივი კითხვები, რომელსაც ოქრუაშვილი გასცემს პასუხს.
„ზოგადად, არ არის ირაკლი ოქრუაშვილი საინტერესო ფიგურა, რომ მე დავდგე და კომენტარები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ კადრები 20 ივნისის შევარდნასთან დაკავშირებით და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ ისე, რომ ყველამ გასცეს ჩადენილ დანაშაულს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ არის ორმაგი სტანდარტი, როცა ნიკა მელია გირაოთი გაათავისუფლეს და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვეს.
„დეტალებში გამიჭირდება შესვლა, თუ რა მუხლია, რა ბრალეულობაა. ეს შეგიძლიათ, დაუსვათ შესაბამის სამსახურებს და გაგცემთ პასუხს. მე მზად ვარ, როგორც დედაქალაქის მერი, ზოგადი შეფასებები გავაკეთო პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა 20-21 ივნისის მოვლენები და აღნიშნა, რომ აქციაზე დანაშაული არავის უნდა ეპატიოს, როგორც პოლიტიკოსებს, ისე რიგით მოქალაქეებს.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება, გადატრიალება, სისხლისღვრა, მოწოდებები, რასაც 20-21 ივნისს ვისმენდით უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი იქ გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა და ეს კანონის წინაშე არავის უნდა ეპატიოს – პოლიტიკოსი იქნება თუ რიგითი მოქალაქე. ეს არის ძალიან ცუდი, მძიმეა, რაც ვნახეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.