კახა კალაძე ინგლისურ გამოცემა „სანში“ - შევჩენკომ უკრაინის ნაკრები შეცვალა და ინგლისს იოლი თამაში არ ელოდება #1TVSPORT
კახა კალაძე ინგლისურ გამოცემა „სანში“ - შევჩენკომ უკრაინის ნაკრები შეცვალა და ინგლისს იოლი თამაში არ ელოდება #1TVSPORT

ინგლისურმა გამოცემა „სანმა“ კახა კალაძეს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა უკრაინისა და ინგლისის საფეხბურთო დაპირისპირებაზე ილაპარაკა. 

 

„კახა კალაძე, ყველა დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, 2001-2006 წლებში „მილანში“ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის, შევჩენკოს გვერდით თამაშობდა. ახლა ის ქართველი პოლიტიკოსი და დედაქალაქ თბილისის მერია. კალაძე ანდრეის ახლო მეგობარია და პროგნოზირებს, რომ დღეს იტალიის დიდი ნაწილი ინგლისის მეტოქეს უქომაგებს“, – წერს გამოცემა.

„შევჩენკოს იტალიის გულშემატკივრები დღემდე ძალიან დიდ პატივს სცემენ – ის „მილანის“ დროიდან იქ გმირია. ევროპის ჩემპიონატზე კი ბევრი გიგანტის კრახი გვინახავს, ამიტომ ძალიან რთულია წინასწარმეტყველება. ინგლისისთვის ეს იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა კალაძემ „სანთან“.

შევჩენკოს გუნდმა საუკეთესო თამაში სწორედ ევრო 2020-ის მეოთხედფინალში აჩვენა. კალაძემ, რომელმაც „მილანში“ შევჩენკოსთან ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თქვა, რომ მან თავის მეგობარს დაურეკა, როდესაც უკრაინამ პლეიოფის პირველ ტურში შვედეთთან დამატებით დროში გაიმარჯვა.

„შვედეთის ნაკრებთან მატჩში ფინალური სასტვენის შემდეგ ანდრეის დავურეკე და მივულოცე. ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ არა მგონია, ვინმემ დამადანაშაულოს მიკერძოებულობაში, თუ ვიტყვი, რომ მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრები ტაქტიკურად მკვეთრად გაიზარდა. უკრაინელები თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ, მაშინ როდესაც მრავალი წლის წინ მათი უპირატესობა მხოლოდ ფიზიკური ძალა და გრძელი გადაცემები იყო. ასეთი თამაში, ანდრეის და მისი სამწვრთნელო შტაბის დაუღალავი მუშაობის შედეგია“, – ამბობს კალაძე.

იგი 84 მატჩში 50-ჯერ იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თვლის, რომ შევჩენკო საკლუბო დონეზეც ძალიან წარმატებული მწვრთნელი გახდება.