კახა კალაძე - იმედია, პარტიები ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალსა და ევროპაში ინტეგრაციას დააყენებენ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზების დასრულებისთვის მოქმედი ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და მათ პარტიული ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალი უნდა დააყენონ.
„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, მინდა, გავუსვა ხაზი იმას, რომ დათქმებსა და მოთხოვნებში ძალიან საყურადღებოა პირველი პუნქტი, სადაც წერია პოლარიზების დასრულების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ხელისუფლება ვერ გააკეთებს და აქ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც დგას. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
მინდა, მქონდეს იმედი, რომ პოლიტიკური პარტიებიც თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ ქვეყნის მომავალს, ევროპაში ინტეგრაციასა და ევროპისკენ სვლას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.