კახა კალაძე - იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლით
იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლით, – განუცხადა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
„პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება. იმედია, წარმატებით დასრულდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის და განვითარებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა, რომ მომდევნო არჩევნებზე იყოს ერთპროცენტიანი ბარიერი, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში მათთვის უფრო მორგებული გარემო და რეფორმირდეს ცესკო.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მე არ მაქვს უფლება, ამ დეტალებზე ვისაუბრო, რადგან პირობა იყო დათქმული, რომ მოლაპარაკებები, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და საუბარი, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება და ვიდრე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საბოლოოდ, ამაზე არ ვისაუბრებდით. შესაბამისად, მე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვალდებული, ვარ ეს შეთანხმება დავიცვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩანიშნული პროცესების გაუქმებასთან დაკავშირებით, რის მიზეზადაც კორონავირუსი დასახლდა.
„ამასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განცხადება, ყველამ ვნახეთ, თუ რა იყო გადადების მიზეზი. დღეს იცით, რომ განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა არის. სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ ელემენტარულად, ყველაფერი ცხადია, როგორ არის გაზრდილი ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ძალიან ცუდია და ეს არის გამომწვევი მიზეზი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.