კახა კალაძე - იცით ჩემი განვლილი ცხოვრება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები რომ იყვნენ ახალკაცი, სიჭინავა, მაშინაც მუშაობდნენ იქ ჩემი მეგობრები
იცით ჩემი განვლილი ცხოვრება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები რომ იყვნენ ახალკაცი, სიჭინავა, მაშინაც მუშაობდნენ იქ ჩემი მეგობრები, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ არიან კალაძის მეგობრები მაღალ თანამდებობებზე ფეხბურთის ფედერაციაში. ჟურნალისტებმა მას ლევან კობიაშვილი დაუსახელეს.
„ლევან კობიაშვილი არის ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი. ადამიანებიდან, რომლებიც მუშაობენ ფეხბურთის ფედერაციაში, დიდი ნაწილი არის სპორტიდან, ფეხბურთიდან. თქვენ იცით ჩემი განვლილი ცხოვრება, გარკვეული წლების განმავლობაში ვიყავი ფეხბურთით და სპორტით დაკავებული. როდესაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ ნოდარ ახალკაცი, ბატონი სიჭინავა, იქ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ. რადგანაც ჩვენ ყველა სპორტში ვმოღვაწეობდით, შესაბამისად, ყველასთან მქონდა ურთიერთობა. ბევრთან ვთამაშობდი, ბევრთან ვმეგობრობდი, ახლაც ვმეგობრობ. შესაბამისად, მე მგონი, პასუხი ნათელია ჩემი მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.