კახა კალაძე - გუშინ ვიყავი მეტრო „ავლაბარში“, გულწრფელად გეტყვით, ამ დიზაინით რეაბილიტაცია ჩემთვის მიუღებელია
კახა კალაძე - გუშინ ვიყავი მეტრო „ავლაბარში“, გულწრფელად გეტყვით, ამ დიზაინით რეაბილიტაცია ჩემთვის მიუღებელია

გუშინ ვიყავი მეტრო „ავლაბარში“, გულწრფელად გეტყვით, ამ დიზაინით რეაბილიტაცია ჩემთვის მიუღებელია, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრებს მოუწოდა, პროექტი მაღალ დონეზე იყოს გაკეთებული.

„მთავრობის ყველა სხდომაზე მიწევს საუბარი, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება. თუმცა, ამას გარდა, აუცილებელია ასევე მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია. არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა. გუშინ ვიყავი მეტრო „ავლაბარში“, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. არ ვიცი, გულწრფელად გეტყვით, ამ ფორმით სამუშაოების წარმოება, ამ დიზაინით პირადად, ჩემთვის და ვინც ნახავს ამას, კატეგორიულად მიუღებელია.

არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე, რასაც გავაკეთებთ, ათეულობით წელს უნდა გაუძლოს. შესაბამისად, არსებული პროექტები, რომელიც არის, ყველა გადასახედია. ჩემი თხოვნა იქნება, სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად გაიაროთ ეს თემა და მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს გაკეთებული პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.