კახა კალაძე - ღამის ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით დაწყებულია, ეს მხოლოდ კლუბური სცენა არ არის
კახა კალაძე - ღამის ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით დაწყებულია, ეს მხოლოდ კლუბური სცენა არ არის

ღამის ეკონომიკის განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და ეს მხოლოდ კლუბური სცენა არ არის, –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღამის ეკონომიკაში ბევრი საინტერესო მიმართულებაა, კლუბები იქნება ერთ-ერთი.

„რაც შეეხება ღამის ეკონომიკის განვითარებას, ჩვენ ამაზე მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებით დაწყებული გვაქვს. ეს მხოლოდ კლუბური სცენა არ არის. რა თქმა უნდა, ესეც იქნება და ჩვენ ამ მიმართულებით წარმატებები ძალიან გვიხარია, რომელიც მიღწეული იყო. ღამის ეკონომიკაში ბევრი საინტერესო მიმართულება, სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილების, სტარტაფერების და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, რომლებიც ბიზნესს იწყებენ.

„თემა საკმაოდ გაშლილი იყო, როდესაც ჩვენ ამ დარგის განვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გავმართეთ. ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და, რომელზეც მოსახლეობას პასუხი აინტერესებდა, პასუხი გაეცა. კონკრეტულ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი შეფასებით, ღამის ეკონომიკა და მისი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„როდესაც ჩვენ ამაზე საუბარი დავიწყეთ სხვათაშორის ოპოზიცია და მისი ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ჩემი ოპონენტი იყო, იპოდრომის ტერიტორიაზე შადრევნის გაკეთებას ნატრულობდა. 21-ე საუკუნეში მათთვის ეს ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი იყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.