კახა კალაძე - ღამის ეკონომიკა განვითარდება, ის კლუბებიც განვითარდება, რომლებიც ელექტრონული მუსიკით არიან დაინტერესებული
ღამის ეკონომიკა განვითარდება, ის კლუბებიც განვითარდება, რომლებიც ელექტრონული მუსიკით არიან დაინტერესებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა. ნადირაძემ კალაძეს სხდომაზე უთხრა, რომ მის მიერ ღამის ეკონომიკის განვითარების დაანონსების შემდეგ, შს მინისტრმა „ლამის ჩამოაქცია ის მთავარი ობიექტები, რომელზეც დგას ე.წ. ღამის ეკონომიკა“ და დაინტერესდა, მიაჩნია თუ არა ეს პროექტი წარუმატებლად.
„ნადირაძემ ღამის ეკონომიკა პირდაპირ ნარკოტიკებს დაუკავშირა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა. ნარკოტიკები რომ ცუდია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვებრძოლოთ ამ მიმართულებას.
ყველამ ერთად უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რამდენად ცუდია ნარკოტიკების ზემოქმედება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შთავაგონოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორად ცხოვრება.
რა თქმა უნდა, ღამის ეკონომიკა განვითარდება, ის კლუბებიც განვითარდება, რომლებიც ელექტრონული მუსიკით არიან დაინტერესებული. პირველი, სწორედ ეს კლუბები არიან დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტად ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს, მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული. არა ნარკოტიკს“, – განაცხადა კახა კალაძემ.