კახა კალაძე - გაუგებარია, ახლა რატომ უნდა გავმართოთ დებატები გენგეგმაზე
კახა კალაძე - გაუგებარია, ახლა რატომ უნდა გავმართოთ დებატები გენგეგმაზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ პარტიებს თბილისის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას სთავაზობს.

კახი კალაძის განცხადებით, ყველა პარტიას შეუძლია, სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ერთი წევრი, რომელსაც ყველა ინფორმაციაზე წვდომა ექნება.

მერის თქმით, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის მოთხოვნა გენგეგმაზე დებატების გამართვასთან დაკავშირებით. როგორც კალაძე ამბობს, დოკუმენტი შემუშავების პროცესშია და მათთვის ყველა სასარგებლო რჩევა მისაღები იქნება.

„გაუგებარია, ახლა რატომ უნდა გავმართოთ დებატები გენგეგმაზე, რა მაქვს სადებატო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჯერ გენგეგმა არ არსებობს, მიმდინარეობს მუშაობა, სადაც ჩართულია კონკრეტულად ის კომპანია, რომელიც ორი წელია მუშაობს, ჩართული არიან საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები.

მივმართე ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც სურვილი აქვთ, ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღონ, წარმოადგინონ თითო კომპეტენტური ადამიანი, ჩვენ ყველანაირ დოკუმენტაციას მივაწვდით, რაც დღეს მერიაში არსებობს, ჩაერთონ ამ ჯგუფში და ერთად განვიხილოთ და წარმოვაჩინოთ, თუ რაიმე პრობლემაა, ერთად შევიმუშაოთ, რა არის გასაკეთებელი და მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აქ სადებატო არაფერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.