კახა კალაძე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, რადგან ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან
კახა კალაძე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, რადგან ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, ჩვენი რეგიონები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად, სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, ნახევრად მეგრელი ვარ, რადგან დედა მეგრელი მყავს. ბატონმა მამუკამ ბევრი ისაუბრა, რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეების განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, ჩვენი რეგიონები. რა თქმა უნდა, წინსვლა გარდაუვალია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი ყველაფერი”, – განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობისადმი მიმართვისას.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ” ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განახორციელა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.

კალაძის განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები და ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს.

„კიდევ უნდა განვითარდეს რეგიონები, ქალაქები, რათა ჩვენი ქვეყანა – საქართველო იყოს ძლიერი, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებზე, საკუთარ თავზე და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით.

როგორც იცით, მოახლოვდა შუალედური არჩევნები და პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” კანდიდატად წარადგინა ზუგდიდში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი გიორგი (გეგა) შენგელია, რომელიც უსაზღვროდაა შეყვარებული თავის ქალაქზე”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა „ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატს რჩევაც მისცა.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო გეგას, რომელიც უპატიოსნესი ადამიანია და ჰყავს ძალიან ლამაზი ოჯახი. როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა, მას ერთი რჩევა მივცე: პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს ზუგდიდელების აზრი. ასე შეიძლება მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ზუგდიდს აწუხებს. მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე, წინსვლაზე ფიქრი, იმ პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ყველაფერი შესაძლებელია ამ ერთსულოვნებით, როდესაც ზურგს გიმაგრებს ადამიანების უზარმაზარი არმია, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, რომელთაც გული შესტკივათ თავის ქალაქზე, სოფლებზე, უბნებზე, რაიონებზე. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კონსოლიდაციას და გავაერთიანებთ სრულიად სამეგრელოს, სრულიად ზუგდიდს, რომ მივაღწიოთ გამარჯვებას და ეს არ იქნება პარტია „ქართული ოცნების” ან გეგა შენგელიას გამარჯვება. ეს იქნება ამ რეგიონის და ქალაქის გამარჯვება. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ ვიზრუნოთ რეგიონზე, ზუგდიდზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ სულისკვეთებით აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.