კახა კალაძე - განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვამბობ, დავით გარეჯის საკითხი არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება
ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს საუბარი უმძიმეს ფაქტზე, საქმეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ქვეყნის მიწების დანაშაულებრივი გასხვისების მცდელობის ნიშნებს შეიცავს, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დავით გარეჯის საქმეზე ორი პირის დაკავების ფაქტს.
„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი.
გამოძიების მიხედვით, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში მოხდა 1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებული რუკის არალეგიტიმური რუკის მონაცემებით ჩანაცვლება. შედეგად, 3500 ჰექტარი ქართული მიწა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების/თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დავით გარეჯის საკითხი არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება.
„ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ – ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მით უმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.
შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული!
აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.
ჩვენი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამასთან, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.