კახა კალაძე - გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო
კახა კალაძე - გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო

გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, – ამის შესახებ „მზიურის“ განახლებული პარკის გახსნაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დედაქალაქს კიდევ განახლებული მზიურის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა.

„დღეს მე, როგორც ქალაქის მერი, ძალიან ბედნიერი ვარ იმითი, რომ ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. არჩევნების წინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, პირობა მივეცი დედაქალაქის მოსახლოებას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს, ყველაზე მეტ მწვანე სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს და ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე რეაბილიტირებული პარკის გახსნა.

„დღეს მზიურის პარკის გახსნაა, მომავალში კიკვიძის პარკი ნაძალადევის რაიონში, რომელიც ასევე ძალიან მაგარი გამოვიდა, ფაქტობრივად დასრულებულია სამუშაოები და იქაც რამდენიმე დღეში გავხსნით ამ პარკს. ვაკის პარკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. გლდანში ასევე, რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია იგეგმება.

გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლებთ, ყველა ერთად. მარტო მერი, ან მერიის თანამშრომლები ვერაფერს ვერ გახდებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სოლიდარობა იქნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი