კახა კალაძე – გაბრიაძის საათის სანახავად უამრავი ტურისტი მოდის, ეს თბილისში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია

16:15, 21.08.2019

თბილისი უნიკალური ქალაქია, თავისი წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ჩვენ ამ ქალაქს უნდა გავუფთხილდეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმად, გაბრიაძის თეატრის საათი ამერიკული გამოცემის რჩეულ მონუმენტური საათების ჩამონათვალში მოხვდა.

კახა კალაძის შეფასებით, მსგავსი ინფორმაციები ძალიან პოპულარულია.

„ძალიან მიხარია, როდესაც ასეთი ინფორმაციები მოდის. ყოველთვის ვამბობ, რომ თბილისი არის უნიკალური ქალაქი, თავისი წარსულით, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და ჩვენ ამ ქალაქს უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა მოვუაროთ. რაც მძიმე მდგომარეობაში იყო, მხედველობაში მაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ და ჩვენი პროგრამა ზუსტად ამისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის, მეტი არეალის რეაბილიტაცია მოხდეს და მეტი ასეთი ახალი პროექტები გაკეთდეს ქალაქში, როგორც მაგალითად გაბრიაძის საათი. ეს არის ღირსშესანიშნავი ადგილი, უამრავი ტურისტი მოდის ამ საათის სანახავად და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქალაქი  ასეთი წარმატებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. 2010 წელს მარიონეტების თეატრის გვერდით რეზო გაბრიაძემ უნიკალური საათიანი კოშკი ააშენა. ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და ზარს რეკავს.

მსგავსი