კახა კალაძე – ფარისეველია ყველა, ვინც ვითომ ანტირუსული განცხადებებით შემოიფარგლება

13:30, 17.08.2026

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ვითომ ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ, სინამდვილეში არის ორმაგი სტანდარტი. ამის შესახებ კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს მომღერალ გიორგი უშიკიშვილის განცხადებაზე, თითქოს ის თავის სასტუმროში რუს ტურისტებს არ იღებს, თუმცა „ქრონიკის“ ჟურნალისტური ექსპერიმენტით საპირისპირო დადასტურდა, კახა კალაძის თქმით, ეს არის ფარისევლობა.

„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან ყველა, ვინც ვითომ ანტირუსული განცხადებებით შემოიფარგლებიან. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი. დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ამაზე მძიმე რა უნდა იყოს? ხომ გახსოვთ, ამის შემდეგ რა ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ. პირდაპირ ლარსის საბაჟოგამშვებ პუნქტზე ხვდებოდნენ რუსებს, ია-ვარდებით ხელში მოუწოდებდნენ ქვეყანაში შემოსვლისკენ. სწორედ მაშინ ხდებოდა ბიზნესების გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე.

იმ დროს თავიანთი გარე პატრონები ავალებდნენ, რომ ამ ტიპის ნაბიჯები გადაედგათ. დღეს გარე პატრონების დავალება არის შეცვლილი და, შესაბამისად, სხვა ტიპის მესიჯებს ავრცელებენ. ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია და ყველა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი