კახა კალაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციებს არანაირი ფასი არა აქვს, ფულს იხდიან და ტყუილებით არის გაჯერებული, რა რეზოლუციაზეა საუბარი, როცა გეუბნებიან, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს?
კახა კალაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციებს არანაირი ფასი არა აქვს, ფულს იხდიან და ტყუილებით არის გაჯერებული, რა რეზოლუციაზეა საუბარი, როცა გეუბნებიან, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს?

ევროპარლამენტის რეზოლუციებს არანაირი ფასი არა აქვს, ფულს იხდიან ამაში და ტყუილებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

კალაძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„აღნიშნულ რეზოლუციებს არანაირი ფასი არა აქვს, რადგან დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე. ვიცით, როგორ იწერება ეს რეზოლუციები, ჩვეულებრივად ფულს იხდიან ამაში და გაჯერებულია ტყუილებით. რა რეზოლუციაზეა საუბარი, როცა გეუბნებიან, რომ, მაგალითად, უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი, რომელიც ევროპულმა სასამართლომაც დაადანაშაულა და აღიარა ის, რაც აქვს მისჯილი? იგივეა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ვნახეთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს, როგორი დანაშაული ჩაიდინა. მიმდინარეობს საუბარი, რომელიც პირდაპირ არის გაჯერებული ტყუილებით. თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, რადგან ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, უყურებს. დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია იმ სამართლიანობისგან, ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, ევროპული მომავალი არის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული და დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.