თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ შეკრებილებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კალაძემ მიმართა. მან საზოგადოებას მიულოცა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
„ეს არის ის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვიდრების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც იმართება დღევანდელი, ეს მასშტაბური შეხვედრა-ღონისძიება.
ხშირად ისმის კითხვები, რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი და საერთოდ, რა არის ევროპა ჩვენთვის. პირადად, ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს, თავისუფლება ვაჟა გაფრინდადვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს.
კახა კალაძის თქმით, ევროპა თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია.
„ეს ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა. ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ერი და რაც კიდევ ბევრ ათასწლეულს გადაატანინებს ჩვენ საყვარელ ქვეყანას. დღეს ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი საყრდენის, თავისუფლების და ტოლერანტობის ცენტია ევროპა. ჩვენ ამ ღირებულებითი ერთობის გამო ვართ ისტორიულად ევროპის ნაწილი და ამ დიდი ოჯახის წევრი. ევროპა საქართველოს სახლია.
მინდა, პირად მაგალითზე გითხრათ, რომ როდესაც პოსტსაბჭოთა სივრციდან, რკინის ფარდის მიღმა მყოფი სამყაროდან ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, მილანში ჩავედი სათამაშოდ, მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა ამ უცხოენობრივ, უცხოკულტურულ სივრცეში თავის დამკვიდრება.
თუმცა, ჩემდა გასაკვირად ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ქართველებისთვის ეს არ არის უცხო სივრცე და გარემო. მეტიც, ძალიან ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათაც ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი, ისინიც ზუსტად ჩვენსავით იცავენ პირად თუ ოჯახის ღირსებას, მათაც ზუსტად ჩვენსავით შეუძლიათ მეგობრების გვერდში დგომა და ისინიც ზუსტად ჩვენსავით აფასებენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას თუ საერთო საქმისთვის თავდადებას.
ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც მე მაშინ დავინახე, ეს იყო საქმისადმი განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულებები. იქ ადამიანის შრომას და საქმისთვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებენ, ჩვენთან კი 70-წლიანმა რეჟიმმა შრომის და საქმისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა. თუმცა დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დამოკიდებულება ყოველდღიურად, თაობიდან თაობამდე უმჯობესდება და დღეს მე აქ შეკრებილი ახალგაზრდების სახით ვხედავ ნამდვილ, გულანთებულ ქართველებს, ენერგიითა და მომავლის იმედით აღსავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და უნარი თავისი სიტყვა თქვან, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საკუთარ სამშობლოშიც, ევროპაში და მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზეც“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილია დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა.
„დღეს ჩვენ, უკვე ევროკავშირთან ასოცირებული ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, მაგრამ თითოეულმა ქართველმა პირველ რიგში ევროპა საკუთარ თავში, ყოველდღიურ ყოფაში უნდა დავიმკვიდროთ და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფიციალურ წევრად ქცევა უკვე მხოლოდ ფორმალობა იქნება. ევროპაში უნდა შევიდეთ, როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ევროპაში აუცილებლად უნდა შევიდეთ ინდივიდუალურადაც, როგორც თითოეული, ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა ამ კულტურულ სივრცეში. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია, ამ ახალგაზრდებთან, ამ თაობასთან ერთად. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასოდეს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას. ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას. ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს. ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს. ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, ევროპელობა არის კეთილსინდისიერება საკუთარ თავთან, თანამოქალაქეებთან, ეს არის საქმისადმი თავდადება, სამშობლოს სიყვარული და მოფრთხილება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ დღეს ძალიან აკლია არსებულ პოლიტიკურ სპექტრს.
„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მჯერა, რომ თქვენ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები, უფროსი თაობის მიერ ევროპისკენ რთულად, წვალებით გაკვალულ გზაზე, წარმატებით გაივლით საქართველო ევროპულ ოჯახში თავის ადგილს სამუდამოდ აუცილებლად დაუმკვიდრებთ და დღეს ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების, დამოუკიდებელი საქართველოს მძიმე წლების და მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის ლოგიკური შედეგია ის, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. იმ ოჯახთან, რომელშიც ჩვენი ღირსეული ადგილი მუდმივად გველოდება და თქვენთან, თქვენს თაობასთან ერთად აუცილებლად დავიკავებთ ამ ადგილს, ამჯერად უკვე სამუდამოდ, მყარად და რაც მთავარია ღირსეულად.
გილოცავთ თავისუფალ და ამაყ საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს. ჩვენს ერთობას წინ ვერაფერი დაუდგება, ჩვენ ერთად ყველა მიზანს მივაღწევთ, გამორჩეულ ადგილს დავიმკვიდრებთ ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც. ყოველთვის ვემსახურები ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.